მინანქრის ისტორია

შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები,რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია თავმოყრილი,ამ ხელოვნების მსოფლიო საგანძურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციადაა აღიარებული.ეს კოლექცია გამოირჩევა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით,მიუხედავად იმისა,რომ წლების მანძილზე ბევრი ნივთი, საქართველოს ეკლესია-მონასტრებში შემონახული,უკვალოდ გაქრა, ბევრი მათგანი კი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა /ერმიტაჟი,ბერლინის ნაციონალური,კლიუნის მუზეუმებში,მეტროპოლიტენის მუზეუმებსა და სხვა/ თუ სხვადასხვა ქვეყნის კერძო პირთა კოლექციაში აღმოჩნდა.ძეგლების დიდი უმეტესობის მაღალი მხატვრული ღირებულებები განსაზღვრავს ქართული კოლექციის განსაკუთრებულ ღირებულებას. ეს კოლექცია ღირსეულ მეტოქეობას უწევს ვენეციის მინანქრების უმდიდრეს საგანძურს.ხოლო რაც შეეხება საქვეყნოდ განთქმულ ხახულის კარედს, რომელიც თავისთავად ტიხრული მინანქრების მთელი „მუზეუმია“,იგი არა თუ უნდა დავაყენოთ ვენეციის პალა  დ’ოროს გვერდით, უნდა გამოვყოთ კიდეც როგორც განსაკუთრებული, უნიკალური ძეგლი; ხახულის კარედი გვანცვიფრებს მინანქრების სიმრავლითაც (100 - ზე მეტი ფირფიტა, VIII საუკუნიდან მოყოლებული  XII საუკუნის ჩათვლით )და მათი მაღალმხატვრული ორგანიზაციითაც - მინანქრების დინამიკური განაწილება მარჯვედ მისდევს ჭედური ორნამენტის დინებას და ქმნის შესანიშნავ ჰარმიონიულ ანსამბლს, რომელიც სავსებით ესადაგება ეპოქის სიმდიდრესა და ბრწყინვალებას. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ტიხრული მინანქრის ორასზე მეტი ნიმუში ინახება. აქ თავმოყრილია ის ძეგლები, რომლებიც ადრე საქართველოს სხვადასხვა მონასტერში იყო გაფანტული და აგრეთვე ნაწილი ნივთებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან გაუტანიათ და მხოლოდ 1923 წელს ( და უფრო გვიანაც) დაუბრუნეს საქართველოს. მართალია, არის მინანქრის ცალკეული ნიმუშები ქუთაისის ისტორულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც, სვანეთშიც, მაგრამ მინანქრული ძეგლების ძირითადი მასა ახლა თბილისის მუზეუმში ინახება.ეს მასალა ორ ჯგუფად იყოფა - ქართული ძეგლები და ბიზანტიური. ძეგლების ორივე ჯგუფი ნათლად გვიჩვენებს შუა საუკუნეების მინანქრული ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპს.
მუზეუმში დაცული ტიხრული მინაქრის ყველა ძეგლი ( ქართულიც და ბიზანტიურიც) ჩვეულებრივი ტექნიკით არის შესრულებული, გამოყენებულია მაღალი სინჯის ოქრო ანდა ოქრსა და ვერცხლის შენადნობი, ე.ი. ელექტრუმი, რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს მინანქარს. ზედაპირის გახეხვა-გასუფთავება, რაც ხელს უწყობს მინანქრის ეკეთ შენახვასა და გამძლეობას, არაა ყოველთვის საგულდაგულო, განსაკუთრებით ქართულ ძეგლებში. თუმცა ქართული კოლექციის მინანქრები ძირითადად მაინც კარგადაა შემონახული. საგრძნობლად დაზიანებულია მხოლოდ ხახულის ღმრთისმშობელი,  რომლიდგანაც პირისახე და ხელის მტევნებიღა შემორჩა. ეს მინანქრული ხატი, რომელიც 1859 წელს გელათის მონასტრის გაძარცვის შედეგად გაიტაცეს ,ბოტკინის კოლექციაში აღმოჩნდა და უკვე ძლიერ ფრაგმენტირებული მხოლოდ 1923 წელს დაუბრუნდა საქართველოს.
მუზეუმის ტიხრული მინანქრები არსებითად საეკლესიო დანიშნულების ნივთებია და მხოლოდ ერთადერთი კულონი და სამაჯურის ორი ფრაგმენტია საერო ხასიათისა.ეს საეკლესიო ნივთები- ხატები,ჯვრები,აგრეთვე ცალკეული ფირფიტები და მედალიონები,რომელიც ჭედურ ძეგლებზეა მოთავსებული და მორთულია,როგორც წესი, მარგალიტის მწკრივით,-პატარა ზომისაა.ოდნავ მოზრდილია ფირფიტები ქრისტეს სადღესასწაულო ციკლის სცენებით და ორი ფირფიტა წმ.გიორგის გამოსახულებით.გამონაკლისია აგრეთვე პანტაკრატორის ნახევარფიგურა ხახულის კარედზე-მისი ზომებია 8X7 სმ. მაგრამ ყველა მათგანს სიდიდით სჭარბობს ხახულის ღმრთისმშობელი; უფრო მეტიც,ეს არის ყველაზე დიდი ტიხრული მინანქარი მსოფლიოში [116 სმ და 95სმ].ბიზანტიური მინანქრები,რომლებიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია,არაა მცირერიცხოვანი.აქ წარმოდგენილი ძეგლები დაწყებული IX საუკუნიდან XII საუკუნის ჩათვლით.ყველაზე ადრინდელი ძეგლები ბიზანტიური ხელოვნებისა წმ.პეტრეს მედალიონია [IX საუკ. ],რომელიც მარტვილის ღმრთისმშობელის ხატს ამკობს.ეს არის ადრეული ხანის ერთადერთი ბიზანტიური ნიმუში.უფრო სრულადაა წარმოდგენილი X-XII საუკუნეები-ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების უმაღლესი აყვავების ხანა. X საუკუნის ძეგლები ეპოქის დამახასიათებელი ნიშნებითაა აღბეჭდილი-ფართო,თავისუფალი სტილი, სამოსის ნაკეცების წვრილი ტიხრების ქსელი, წრით მონიშნული თვალები, ცხვირის სარჭისებური ფორმა, რომელიც წარბების ხაზს ერწყმის,თავშეკავებული კოლორიტი, სადაც სჭარბობს მეწამული-ყავისფერის,ზურმუხტისა და ლურჯი ტონების ნახევრადგამჭვირვალე მინანქრები. რამდენადმე უჩვეულოა ფრადოვნების მხრივ მინანქროვანი გამოსახულება ოვალურ რელიკვარიუმზე,  უხვად ნახმარი თეთრი, ლურჯი და წითელი ფერებით.ამ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მინანქრული ძეგლია შემოქმედის ხატი რომელიც განთქმული ლიმბურგის სტავროთეკის პირდაპირ ანალოგიას წარმოადგენს.
განსაკუთრებით მდიდრულადაა წარმოდგენილი მუზეუმში XI საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების ძეგლები, რომელთა უმეტესობა ხახულის ტრიპტიქონს ამკობს.ამ ძეგლებისათვის,სტილით დაწვრილმანება,ფორმათა მეტი სპირიტუალიზაცია და სახეთა განსაკუთრებული დაძაბულობა.წვრილი ტიხრების რიცხვი გაზრდილია და დალაგებულია გარკვეული სისტემით,სადაც მთავარი ადგილი „თევზისფხურ“მოტივს უკავია.მუზეუმის ბიზანტიური წრის საუკეთესო ნიმუშები ტექნიკური ოსტატობის მხრივ დიდი სრულყოფილებით გამოირჩევა.მათგან,პირველ რიგში, აღსანიშნავია სამი ფირფიტა „ვედრების“გამოსახულებით,რომელიც ხახულის კარედზეა წარმოდგენილი.ეს ფირფიტები მკვლევართა აზრით,შესრულებული უნდა იყოს კონსტანტინოპოლის სახელისნოში და უნდა უკავშირდებოდეს იმ ადგილს, სადაც კონსტანტინე მონომახის ან წმ.სტეფანეს გვირგვინებია დამზადებული.
XI საუკუნის ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების ერთი მკაფიო მაგალითთაგანია ჯვარი ჯვარცმულის გამოსახულებით ბოტკინის ყოფილი კოლექციიდან. XI საუკუნის ბიზანტიური მინანქრების მსგავსი ძეგლები ამ ხელოვნების კლასიკური ნიმუშია. მათ გვერდით არსებობს ისეთი ძეგლებიც, რომელიც აღნიშნული ეპოქის ზოგადი სტილის სხვა ნაკადს ასახავს.ეს არის ე.წ.CHEVRONSTIL,რომელიც მთელი სისრულით არის წარმოჩენილი ხახულის კარედზე-ფირფიტები მოციქულთა წყვილი ფიგურით, ოთხი მახარებლით, მედალიონი ოდიგრიტიის წელსზედა გამოსახულებით. ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების იმ რიგის ძეგლებს, რომელთა ქრონოლოგია შეიძლება განისაზღვროს მათზე წარმოდგენილ ისტორიულ პირთა მიხედვით,განეკუთვნება ფირფიტა მიხეილ  VII პარაპინაქისა და მისი მეუღლის, საქართველოს მეფის ბაგრატ  IV -ის ასულის, მარიამის გამოსახულებით (ხახულის ხატზე).იგი წარმოადგენს ძღვენს, რომლიტაც ასე ხშირად ანებივრებდნენ ბიზანტიელი იმპერატორები უცხო ქვეყნის მმართველებს.ფირფიტის შესრულების დრო დადგენილია მიხეილ  VII დუკას მმართველობის წლებით (1071-1082 წ.წ.)
XII  საუკუნის ბიზანტიური ძეგლები მუზეუმში,მართალია, ცოტაა, მაგრამ თითოეული მათგანი მთელი სისრულით გვიჩვენებს ეპოქის სტილს. ფირფიტა ჯვარცმის სცენით, რომელიც ამ პერიოდის ბიზანტიურ მინანქრებში გავრცელებულ კომპოზიციას იმეორებს  (ლონგინოზით და მოტირალი ანგელოზებით), გარკვეული დრამატიზმითაა აღბეჭდილი,ხოლო წილკნის ხატის მინანქრული მედალიონები-დახვეწილი, ეგზალტირებული სახეებით- უმაღლესი რაფინირებულობის და სულიერი მნიშვნელოვანების ნიმუშებია.
მინანქრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები,რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზუმში ინახება, ქართულია. ეს ძეგლები VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება.ისინი,მართალია, არაა ბევრი,მაგრამ თუ გავიხსენებთ,რომ ადრეული მინანქრები ძალზე ცოტაა შემორჩენილი,ქართული მასალა,უთუოდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ ძეგლებს გულისხმობენ სპეციალისტები, როცა მიუთითებენ, რომ მინანქრული ხელოვნების ანტროპომორფული ძეგლების პირველი მაგალითები საქართველოში გვხვდება. იესკო-მორგანის სირიულ სტავროთეკასთან ერთად,ხახულის კარედის კვადროფოლიუმი ჯვარცმის კომპოზიციის [კარედის მარჯვენა ფრთაზე] ყველაზე ადრინდელი ნიმუშია მთელი აღმოსავლეთ-ქრისტიანული სამყაროს ანთროპომორფულ მინანქრულ ხელოვნებაში. ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარების დაწყებითი პერიოდის-- VIII-IX საუკუნეების ქართული ძეგლები  დაკავშირებულია საქართველოსთან არა მარტო ტერიტორიულად,არამედ ორგანულადაც.ხატმებრძოლეობა, რომელიც მთელ ბიზანტიას მოედო იმ დროს,საქართველოსათვის უცხო დარჩა.ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ საქართველოში, მისი ინტენსიური შემოქმედებითი  ცხოვრების პირობებში, შექმნილიყო ანთროპომორფული ხელოვნების ეს ადრეული ნიმუშები, მჭიდროდ დაკავშირებული აღნიშნული პერიოდის მთელი ქართული ხელოვნების საერთო ტენდენციებთან.
მუზეუმის კოლექციის გვიანი მინანქრებიც ( ორი ფირფიტა წმ. გიორგის გამოსახულებით) აგრეთვე ქართული ძეგლებია. მათი ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არაა დადგენილი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი XV საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს. ერთი მათგანი- ამხედრებული წმ.გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს-უფრო ლაკონიური თავისი კომპოზიციით, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც იგი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი I  საერთაშორისო სიმპოზიუმის აფიშაზე წარმოჩინდა. შემოქმედებითი ძიებების მხრივ ამ ფირფიტებში ახალი არაფერია,მაგრამ ორივეგან კარგად ჩანს ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარების ბოლო ეტაპის მაღალი დონე, ხელოვნების ამ დარგის ღრმად გადგმული ფესვები, მისი ტრადიციების გამძლეობა საქართველოში.
მუზეუმში  დაცული  ქართული მინანქრების უდიდესი ნაწილი X   და   XII-XIII   საუკუნეების ძეგლებია. ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარებაში ეს პერიოდები განსაკუთრებული  შემოქმედებითი  აღმავლობით ხასიათდება. გამოხატული  სახის უშუალობა,  მეჩხერი,  გრძელი ,ფიგურათა საერთო მოცულობის შემბოჭველი ნაკეცების (ტიხრების) რიტმი,კანის ღვინისფერი ტონი, მარტივად დამუშავებული სახეების ექსპრესია და ზოგჯერ ქართული წარწერებიც აი ის ნიშნები,რითაც გამოირჩევა X  საუკუნის ქართული მინანქრები ამავე დროის  ბიზანტიური ძეგლებისაგან (შეად. ამ უკანასკნელთა სახეების უფრო რთული მოდელირება,წვრილი ნაკეცების- ტიხრების ქსელი, მთლიანი ხატის ტერანსცენდენტურობა).X- საუკუნის ქართული მინანქრული ხელოვნების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია შემოქმედის კვადრიფოლიუმი ქართული (ასომთავრული) წარწერით, სადაც მოხსენიებულია გიორგი აფხაზთა მეფე ( გარდაიცვალა 957 წელს). გულუბრყვილო უბრალოება და სიმარტივე ქმნის ამ დამჯდარი პროპორციებისა და დიდთავა ფიგურების შემოქმედების განსაკუთრებულ ეფექტს. განუმეორებელი  მხატვრული გამომსახველობითაა აღბეჭდილი  ტახტზე მჯდომი ქრისტე- პანტოკრატორის რამდენადმე ტლანქი, მაგრამ მონუმენტური ფიგურა,  რომელიც რელიკვარიუმის სახურავს ამკობს. X საუკუნეს მიეკუთვნება აგრეთვე ხახულის კარედის ღმრთისმშობელი (ყველაზე დიდი ზომის მინანქარი მსოფლიოში), რომელიც სახის ტიპის მხრივ ბევრ ანალოგს პოულობს ქართული ოქრომჭედლობის ძეგლებს შორის.  ქართული მინანქრული ხელოვნების ამ ძეგლებს, რომლებიც აღბეჭდილია  მთელი რიგი ნაციონალური ნიშნებით, უპირისპირდება ბიზანტიური ორიენტაციის ძეგლები. მათ შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ე. წ. კვირიკეს ჯვარი-- ხახულის კარედზე. მართალია ,ჯვრის წარწერები-ქართული  და ბერძნული ,სადაც შეცდომებია დაშვებული--- ქართული ოსტატის ხელს ამჟღავნებს, მაგრამ ნაწარმოების მთელი სტილი ერთიანად ბიზანტიური ხელოვნების პრინციპებს ემორჩილება და სწორედ ამ ხელოვნებასი ვპოულობთ მის უახლოეს პარალელებს.
X საუკუნის ქართული მინანქრული ხელოვნების ძეგლებს ძირითადად ოქროს ფონი აქვთ.მხოლოდ ორი ძეგლია ჩვენს მიერ  X საუკუნით დათარიღებული,სადაც ფონი მინანქროვანია [და არა ოქროსი].ეს ძეგლებია-პატარა ჯვარი კაცხის მაცხოვრის ხატზე და ვარძიის ღმრთისმშობლის მედალიონები.მინანქროვანი ფონის ოქროს ფონით შეცვლა,რაც  X საუკუნეში მოხდა, ეპოქის ძირითადი ტენდენციითაა განპირობებული და ემსახურება ფიგურული გამოსახულების უკეთ გამოვლენას,ფიგურისა და ორნამენტის გამიჯვნას. მინანქრულ ხელოვნებაში დადასტურებული ეს ცვლილება თანხვდება ქართული პლასტიკის ევოლუციის იმ ეტაპს,როდესაც იწყება ნამდვილად სკულპტურული ამოცანებისა და ძიებების პროცესი. X საუკუნიდან მოყოლებული ქართული მინანქრული ხელოვნების ყოველი ნაწარმოები ოქროს ფონითაა წარმოდგენილი.XI  საუკუნეს უცილობლად შეიძლება მივაკუთვნოთ მხოლოდ სამი ოვალური მედალიონი-- ხახულის კარედზე-- რამდენადაც ამ დროის საქართველოს ტიხრული მინანქრების სტილისტური ნიველირება დიდად ართულებს საკუთრივ ქართული ძეგლების გამოყოფას. ასეთი ვითარება შეიძლება აიხსნას ბიზანტიაზე გაძლიერებული ორიენტაციით, რაც ამ ეპოქის ქართული კულტურის ზოგიერთ სხვა დარგშიც შეინიშნება. XII-XIII  საუკუნეების ძეგლები მუზეუმის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ, ისევე როგორც X საუკუნის ჯგუფში,შეიძლება გამოვყოთ ადგილობრივი და ბიზანტიური ორიენტაციის ძეგლები.ყველა ამ ძეგლში ასახულია ეპოქის საერთო ტენდენციები- სიმდიდრის, დეკორაციულობის,ცხოველხატულობისა და დინამიკის მომენტები. მაგრამ ქართული ძეგლებისათვის დამახასიათებელია სახეთა განსაკუთრებული სიცხოველე,ზოგ შემთხვევაში კი გვაქვს მკაცრი რელიგიური დოგმატიზმის შტამპს მოკლებული ინდივიდვალიზებულ წმინდანთა მთელი გალერეა, სადაც ზოგიერთი მათგანი შეიძლება ნამდვილ „პორტრეტებათ“მივიჩნიოთ.[გელათის მაცხოვრის ხატის მედალიონები ქართული წარწერებით]; ანდა გარკვეული ემოციურობით დამუხტული სცენები, იქნება ეს ქრისტეს „დღესასწაულთა ციკლის“ ფირფიტების ლირიზმი თუ კორცხელის ხატის დრამატიზმი.
ბიზანტიური ორიენტაციის ძეგლებიდან საუკეთესო ნამუშევრებია-- ხახულის კარედის მედალიონი წმ. პეტრეს გამოსახულებით,რომელიც გვატყვევებს თავისი რაღაც შინაგანი,სულიერი ელვარებით, ანდა მედალიონი წმ. თევდორეს ნახევარფიგურით, რომელიც ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატს ამკობდა [ამ  საქვეყნოდ განთქმული ხატის ერთი მედალიონი კლიუნის მუზეუმშია, ყველა სხვა დანარჩენი კი მერტოპოლიტენ მუზეუმის კუთვნილებაა].
საგანგებო ყურადღებას იმსახურებს მუზეუმის მინანქრულ ნაწარმოებთა ორნამენტული დეკორი.ზოგ შემთხვევაში ეს არის ცალკე დამოუკიდებელი, ერთიანად ორნამენტირებული ნიმუშები, ზოგჯერ კი ორნამენტი ფიგურული გამოსახულებების მხოლოდ სამკაულია.ეს ორნამენტული მოტივები,როგორც წესი,ძალზე მდგრადია,ხოლო შესრულების მიხედვით აქ       რისამე გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია და, ამდენად,მათი ატრიბუცია დიდად რთული საქმეა.ორნამენტის დროისა და მისი წარმომავლობის [ადგილის] განსაზღვრა მხოლოდ მაშინ ხერხდება,როდესაც იგი რაიმე ფიგურულ გამოსახულებას ახლავს და თანაც ნამდვილად ამ გამოსახულების თანადროულია. თვით დეკორაციული კომპოზიციების სტრუქტურა ანდა მისი შესრულების ხასიათი ძნელად თუ გამოდგება ორნამენტის თარიღის დასადგენად.ამიტომაც კატალოგში ზოგიერთი ორნამენტული ფრაგმენტის პროვინიენცია სათუოა,ხოლო მათი შესრულების დრო ფართო ამპლიტუდითაა მოცემული.  საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ტიხრულ მინანქართა საგანძური დიდად ღირებული და მრავალმხრივმნიშვნელოვანია.რად ღირს მარტო ამ ძეგლების სიმრავლე.მაგრამ საქართველოს კოლექცია ყურადღებას იქცევს იმითაც,რომ,გარდა ქართული მასალისა, აქ ბიზანტიური ძეგლებიცაა თავმოყრილი. წარმოდგენილია ამასთან ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების საუკეთესო პერიოდი--X-XII საუკუნეები, ფაქტიურად ის ეპოქა,როდესაც გამოიკვეთა წმინდა ბიზანრიური სტილი,არსებითია ისიც რომ ამ მინანქრების უმეტესი ნაწილი გამოირჩევა მაღალი ოსტატობით და თითოეული მათგანი თავისთავად შეიძლება გაუტოლდეს მსოფლიო მინანქრული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.
სრულიად განსაკუთრებული ფენომენია მუზეუმის საკუთრივ ქართული მასალა.ეს დიდი ჯგუფი, მართალია,მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზანტიურ სამყაროსთან,მაგრამ ამავე დროს იგი მთელი სიცხადით წარმოგვიჩენს ქართული მინანქრული ხელოვნების თავისთავადი,დამოუკიდებელი ევოლუციის პროცესს, რომელიც ორგანულად ერწყმის მთელი ქართული ხელოვნების განვითარების ერთიან ხაზს.
საქართველოს კოლექციის მინანქრული ძეგლები ქართულიცა და ბიზანტიურიც - უმდიდრეს და უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრული ხელოვნების ისტორიისათვის სტილისტური მიდგომათა მრავალფეროვნებით.ეს მასალა მნიშვნელოვანია იმითაც,რომ ზოგიერთ ძეგლზე არის წარწერები, სადაც ისტორიული პირებია მოხსენიებული. ასეთებია,მაგალითად,შემოქმედის კვადრიფორიუმი [აფხაზთა მეფე გიორგი I, რომელიც 957 წელს გარდაიცვალე], ე.წ. კვირიკეს ჯვარი [კვირიკე მეფე და მაგისტროსი, X საუკ.], ხახულის ხატის კიდევ ერთი ფირფიტა ბიზანტიელი იმპერატორის მიხეილ VII დუკას და მისი მეუღლის, მარიამის გამოსახულებით [XI საუკ.],გელათის მაცხოვრის ხატი [XII საუკუნის საქართველოს ცნობილი მოღვაწე სვიმონ ჭყონდიდელი]. ასეთი წარწერები განსაკუთრებული ღირებულებისაა,რამდენადაც მინანქრული ხელოვნების ძეგლებს,როგორც წესი,ზუსტი თარიღი არ ახლავს.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მინანქრები გამოირჩევა იკონოგრაფიული თვალსაზრისითაც.ამ მხრივ,პირველ რიგში, ქართული ძეგლებია საინტერესო: ხახულის კვადრიფორიუმი [VIIIსაუკ.]-ჯვარცმის სცენა მთელი ტანით წარმოდგენილი მფრინავი ანგელოზებითა და მაკურთხებელი მარჯვენით; შემოქმედის კვადრიფორიუმი [  X საუკ.]-„ჯვარცმა“ ეკლესიისა და სინაგოგის გამოსახულებით; ფირფიტა „მირქმის“ კომპოზიციით [XII-XIII საუკ.]-ანთებული სანთელი. არც ერთი ეს იკონოგრაფიული ელემენტი თუ დეტალი არ არის დამახასიათებელი აღმოსავლეთ-ქრისტიანული ხელოვნებისათვის,მათი ანალოგები გვხვდება დასავლეთ-ევროპულ სამყარიში.ასეთი ვითარება კი ფართო განზოგადებათა შესაძლებლობას ქმნის.
და ბოლოს,საქართველოს ხელოვნების  სახელმწიფო მუზეუმის  ტიხრულ მინანქრებს აქვთ თავისი განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულება, რაშიც უთუოდ მოჩანს იმდროინდელი ბიზანტიისა და საქართველოს ცხოვრების სინატიფისა და ფუფუნების კვალი.გაუხუნარი მშვენიერება ამ ძეგლებისა დღესაც აღელვებს ნამდვილი ხელოვნების   აურაცხელ თაყვანისმცემელს.

ლეილა ხუსკივაძე
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; პროფესორი                                                                                                                           

შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

თბილისი, "ხელოვნება", 1984

თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions